ომბუდსმენი: დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას და მომიტინგეებზე სამართალდამცველების ძალადობას განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატის წარმომადგენლებმა დაკვირვების შედეგად დააფიქსირეს „მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი“.

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონის ფარგლებში, გამოიყენოს პროპორციული ძალა აუცილებლობის შემთხვევაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, იქონიოს სათანადო რეაგირება სამართალდარღვევაზე.

„სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაში/ანგარიშსწორებაში.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.