ომბუდსმენი: დათაშვილი მოვინახულეთ, მოითხოვა, არ გასაჯაროვდეს მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია

პუბლიკა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისმა რწმუნებულებმა 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს ნინო დათაშვილი მოინახულეს. დათაშვილი N5 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ომბუდსმების ცნობით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება – თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში”. – მიუთითებს ომბუდსმენი.

ნინო დათაშვილის მეგობარმა, აქტივისტმა ნინო კალანდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათაშვილს ხერხემლის პრობლემები აქვს და გაშეშებული აქვს ფეხი

„სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24-საათიან რეჟიმში. ნებისმიერ დროს დახურული ტიპის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე ახორციელებენ ვიზიტს და ახდენენ პირველად რეაგირებას. ამასთან, განისაზღვრება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება აპარატში დასაქმებული ექიმის ჩართულობა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.