ომბუდსმენი აფხაზავაზე, კლდიაშვილსა და „ფორმულას" ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება

პუბლიკა

სახალხო დამცველი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმიანება.

ომბუდსმენის განცხადებით, დაუშვებელია და მიუღებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

სახალხო დამცველი ასახელებს დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისა და 5 მაისს პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტებს.

„მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების  პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ თითოეული შემთხვევა და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარონ მკაცრი, კანონიერი ღონისძიებები.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას.