დაზარალებულთა თქმით, ისინი განიცდიან სერიოზულ წნეხს, იღებენ მუქარებს - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ დაზარალებულს, იაკობ ბრეგვაძეს შეხვდა. ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს უკვე საქმის არაერთი დაზარალებული შეეხმიანა.

„თითქმის ყველა დაზარალებულს, ვისაც შევხვდი, მთავარი სათქმელი ჩემთან აქვთ ის, რომ ისინი განიცდიან ძალიან სერიოზულ ფიქოლოგიურ წნეხს, ასევე იღებენ მუქარების შემცველ მესიჯებს და ასევე თვლიან, რომ მათი ჩვენებები მედიაში ცალკეული პირების მხრიდან შუქდება დამახინჯებულად და არასწორი ინტერპრეტაცია ხდება მათი ჩვენებების და ეს არის ძირითადად მათი საწუხარი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძემ მას უთხრა, რომ საზოგადოების მხირდან დიდ წნეხს განიცდის, გამოძიებას არაფერს უმალავს და მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოებასთან დაკავშირებით მისცეს ახსნა-განმარტებები სამართალდამცველ ორგანოებს.

ჟურნალისტის კითხვაზე – „რატომ დამალა იაკობ ბრეგვაძემ, რომ ის მცხეთიდან თექმაზე წავიდა?“, – ლომჯარია პასუხობს, რომ იაკობ ბრეგვაძის თქმით, მისთვის ეს კითხვა არ დაუსვამთ და, შესაბამისად, არ უსაუბრია ამ საკითხის თაობაზე.

ომბუდსმენმა მოუწოდა მედიასა და საზოგადოებას, რომ „ამ თემების გაშუქებას ფაქიზად მოვეკიდოთ“. მისივე თქმით, იმ მოწმეზე ზეწოლამ, რომელმაც 112-ში დარეკა, შეიძლება საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

„ისედაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ რეკავენ პოლიციაში როდესაც მსგავსი ანგარიშსწორება თუ ქუჩის გარჩევები ხდება, და ვიფიქროთ იმაზე, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლებმა ადამიანმა დარეკოს და შეატყობინოს პოლიციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის ოფიციალური მოთხოვნით 14 ივნისს მიმართა. ნინო ლომჯარია გარდაცვლილის ოჯახსაც შეხვდა და მათი პოზიცია მოისმინა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას. გარდა ოჯახისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს საქმეზე ბრალდებული 17-ვე პირი.