სახალხო დამცველის აპარატი დე ფაქტო ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული და დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სოციალური ქსელებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული შიმშილობს.
თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა.
მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
დღეს, 30 დეკემბერს ადვოკატისგან ცნობილი გახდა, რომ მეარაყიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თამარ მეარაყიშვილს 24 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმის მთავრობის ცნობით, მეარაყიშვილი დაკავებულია ჯაშუშობის ბრალდებით.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.