ომბუდსმენი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

პუბლიკა

როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა. დაკავებული აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.