ომბუდსმენი: EU-ს დროშის დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.

მისი თქმით, ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს.

„მინდა, გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.

რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.