სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების ანგარიშის თანახმად, რომელიც 2023 წელს შეეხება, ნათქვამია, რომ ფემიციდის შემთხვევების გამოძიების დროს, რიგ საქმეებში, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის გამოკვეთა.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მონიტორინგმა ასევე გამოავლინა პროკურატურის არაერთგვაროვანი პრაქტიკა იმ ბავშვების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, რომლებიც შეესწრნენ ფემიციდის/ფემიციდის მცდელობას ან გაიგონეს მსხვერპლის ხმა.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა, რომ ზოგ შემთხვევაში დაზარალებული ქალები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის უკიდურესი ფორმის შემთხვევაშიც კი, ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ფემიციდის მცდელობის საქმეებში მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის პრიორიტეტულად ჩართულობის და დაზარალებული ქალების სათანადო ფსიქოემოციური მხარდაჭერის აუცილებლობას.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, 2023 წელსაც გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს ინფორმირებულობის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
სახალხო დამცველს მოჰყავს სტატისტიკა: გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა
მკვლელობებს შორის 16 მოხდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით;
8 – არაოჯახური დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი.
ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 20 – ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 7 – არაოჯახური დანაშაულის ნიშნით.
საერთო სტატისტიკური მონაცემიდან პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 9 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა – 14 შემთხვევაში.