ომბუდსმენი გარეჯის საკითხზე კომისიის წევრების მიმართ დაწყებული დევნის საქმეს შეისწავლის

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ომბუდსმენი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სს დევნის საქმეს შეისწავლის.

„შესწავლის პროცესში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი.

„საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.


პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.