ომბუდსმენი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ თუ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დროულად არ ტარდება, ომბუდსმენის აპარატი მზად არის, ჩაერთოს საქმის გამოძიებაში.

„გარკვეული შიშები მაქვს, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროა, რომ ამ ტიპის საქმეებზე ჩატარდეს, რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე, რის გამოც ხარვეზებით წარიმართა გამოძიება.

მინდა, სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს. თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროულად არ ტარდება, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში. მოვთხოვთ პროკურატურას, რომ მოგვცეს დაშვება საქმის მასალებზე და დავეხმაროთ მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს შეატყობინა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ფეხბურთელი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.