ომბუდსმენი გუშინ პარლამენტთან უფლებადამცველების დაკავებას ეხმაურება

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ” – ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებაშია საუბარი, რომლითაც ის რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უფლებადამცველების და აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

ომბუდსმენი განცხადებაში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია.

„აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას, “- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, საღამოს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე დააკავეს.  ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები, და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.