იოსელიანი ტერმინზე „ლგბტ პროპაგანდა": კანონპროექტი არ უნდა ზღუდავდეს სიტყვის თავისუფლებას

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტის „წინასწარ შეფასება გაუჭირდება”. – ასე უპასუხა მან „პუბლიკის” შეკითხვას – „როგორ აფასებს ტერმინს ე.წ. ლგბტ პროპაგანდა”, რომელიც, „ქართული ოცნების” ლიდერებს სურთ, რომ ადამიანების უფლებებისგან გამიჯნონ”.

თუმცა ლევან იოსელიანმა გვითხრა:

„წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება. თუმცა, ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას”, – აცხადებს ის.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

29 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძემ მომდევნო დღეს თავის ჰომოფობიურ გამოსვლაში „მავნე თემის პროპაგანდა“ ახსენა და აღნიშნა, რომ „ძირითადად ჩვენ აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანადის მავნე შედეგებზე“.

მან „პროპაგანდის“ გავრცელების გზად დაასახელა ფილმები და სერიალები, რომელთა პერსონაჟები ლგბტ ადამიანები არიან.

„ამბობენ იმას, რომ ბუნებრივი მოვლენაა, ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს – ეს არის პირდაპირი პროპაგანდა“, – ასე განმარტავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რუსული კანონის“ ავტორი გურამ მაჭარაშვილი.

მდინარაძემ კვლავ „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას მიმართა და „პროპაგანდას“ დაუკავშირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტქ თემის წევრად აიდენტიფიცირებენ. კვლევაში მსგავსი ურთიერთკავშირი ნახსენებიც კი არ არის.

გარდა ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, ბოლო დღეების განმავლობაში მანიპულირებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ორგანიზაციული მემორანდუმის შინაარსითაც, რომელშიც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, „როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს საქართველოსა და ქართულ ენასთან, რომელსაც სქესი არ გააჩნია, კავშირი არ აქვს.

„რუსული კანონი 2“

რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვნებში.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.

2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით.