ომბუდსმენი: იუსტიციის სამინისტრო პატიმრის დაზიანების შესახებ გამოძიებას მისი ნებართვის გარეშეც აცნობებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა პატიმართა დაზიანების აღრიცხვის წესთან დაკავშირებით.

კერძოდ, ომბუდსმენის განცხადებით, ამ დრომდე ექიმს სჭირდებოდა პატიმრის ნებართვა, რათა მისი ხილული დაზიანებების შესახებ გამოძიებისთვის ეცნობებინა, ამიერიდან კი ნებართვა საჭირო აღარ იქნება.

იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანება, რომელიც სწორედ პატიმრის ნებართვას მოიაზრებდა, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის N1096 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა N1748 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულია სახალხო დამცველის მოთხოვნა – პატიმრის თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა პაციენტის გარეგნული დათვალიერების საფუძველზე შეადგინოს ცნობა და აცნობოს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ“, – წერს სახალხო დამცველი.