სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება „გრანტების შესახებ“ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებულ ცვლილებებს.
ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ცვლილებები, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
„როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი შეაფასებს საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.