ომბუდსმენი ხარხელზე: საგამოძიებო მოქმედებებისას არასრულწლოვანი იყო ადგილზე, ფაქტს შევისწავლით

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ცნობით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.

„სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და განრიდებულია მიმდინარე პროცესებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ ფაქტს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“.