ომბუდსმენი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაადგილებისას თან იქონიონ პირადობის მოწმობა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კომენდანტის საათის მოქმედების დროს არ გავიდნენ ქუჩაში და გადაადგილებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

„21:00 საათიდან 06:00 საათამდე დაიწყება კომენდანტის საათი. მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არ გავიდნენ გარეთ. ასევე, აუცილებლად უნდა იქონიონ პირადობის მოწმობები, ვინაიდან, პოლიცია ახდენს შეჩერებული პირის გადამოწმებას პირადობის მოწმობის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციამ, შესაძლოა, პირი გადაიყვანოს, დააპატიმროს, ვინაობის დადგენის მიზნით. არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, რომ 3 დღე დააკავოს. ასევე, შესაძლოა დააჯარიმოს, რადგან დეკრეტის წესების დარღვევა ამას ითვალისწინებს. ძალიან მძიმე სანქციები ემუქრება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველთან“.

21:00 საათზე საქართველოში ამოქმედდება, ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან ხვალ, დილის 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.