ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტიგმის გავრცელებისგან 

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს მოუწოდებს, „არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან“.

განცხადებაში ლევან იოსელიანს არ უხსენებია, კონკრეტულად ვის ეხება მისი ეს განცხადება.

თუმცა, გუშინ, 11 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას შესახებ სიცილით თქვა:

„გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა, იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. თუმცა, ირკვევა, რომ …“. – კობახიძემ წინადადება აქ სიცილით შეწყვიტა, შემდეგ კი დასძინა – „…მე აბსოლუტურად სერიოზულად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“.

სახალხო დამცველის განცხადებით, „სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას“.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შესუსტება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.