სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით.
აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა.
„მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით.
სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად.
აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა უფლებადარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე“,- ნათქვამია განცხადებაში.