ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, უკრაინას მზრუნველობამოკლებული ბავშვების დროებით საქართველოში განთავსება შესთავაზოს

პუბლიკა

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, უკრაინას მზრუნველობამოკლებული ბავშვების დროებით, ვითარების გამოსწორებამდე საქართველოში განთავსება შესთავაზოს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საომარი მოქმედებების შედეგად, ათეულობით ბავშვი დაიღუპა, დაშავდა, დაკარგა მშობელი/მზრუნველი პირი და ახლობელი, დარჩა საცხოვრისის გარეშე.

„განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა მზრუნველობამოკლებული, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, მათ შორის, დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით.

საომარი ვითარებისას ყველაზე მეტად, სწორედ, ბავშვებს, მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, სახალხო დამცველი, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე, უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართავს ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი მაქსიმალური დაცვა ნებისმიერი ზიანისგან. ასევე, სახალხო დამცველი უერთდება ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის მოწოდებას უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მყოფ ბავშვთა უფლებების მყისიერი დაცვისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.