ომბუდსმენი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფემიციდის მაისში მომხდარ 4 შემთხვევაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება მაისის თვეში 4 ქალის მკვლელობის ფაქტს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენი გმობს ძალადობას.

იოსელიანის თქმით, „ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, ყურადღების მიღმა ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უფლებები არ უნდა დარჩეს”.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას  მოძალადე, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისტემური, თანმიმდევრული ზომებისა და მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ.

„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მაისის თვეში, საქართველოში ოთხი ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად გმობს ძალადობას. ფემიციდი, გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა და ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა. ყოველი ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ ყოვლისმომცველი გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით.

ფემიციდის მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ რჩება ფემიციდის გამომწვევ ძირეულ პრობლემად. საპასუხოდ კი, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ გატარებულ იქნას კომპლექსური და ყოვლისმომცველი ზომები, რომელიც მოიცავს განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას. კაცები და ბიჭები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც მოკავშირეები ამ ძალისხმევაში, აღიარონ თავიანთი როლი პატივისცემისა და თანასწორობის კულტურის განვითარებაში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ახორციელებს გენდერული ძალადობის შემთხვევების მონიტორინგს, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ინსტიტუტებთან და გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და იცავს ქალთა უფლებებს.

ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოების უფლებები, შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას – გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფემიციდის შემთხვევა მოხდა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქმარმა ცოლს ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

ასევე მაისში, რუსთავში ქმარმა 21 წლის ცოლი და სიდედრი მოკლა.