სახალხო დამცველი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აპარატის წარმომადგენელი და ექიმი შეხვდნენ დაკავებულ ჟურნალისტს და გაეცნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ომბუდსმენის აპარატში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შიმშილობის ფონზე მისი გართულების რისკი არსებობს.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი.
მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს (გუშინ მიწოდებული მასალების შემდეგ, დამატებით) უკვე მიეწოდა ადვოკატს”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხს – განცხადებაში სახალხო დამცველი ამბობს, რომ „არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ”.
„სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში.
ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის მონიტორინგის პროცესში.
ამავდროულად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში. ჩვენი მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც ბრალდებულების და მსჯავრდებულების ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება.
ამავდროულად, სახალხო დამცველი საჯაროდაც აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს ხოლმე დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს დამატებით რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-20 დღეა, შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.