ომბუდსმენი: ნიკა კაციამ მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ კაცია მოინახულა.

აპარატის ცნობით, ბრალდებულმა მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, მათი ცნობით, ნიკოლოზ კაციას თხოვნით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მისი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

მედიაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა კაციას საპატიმროში საჭმელს არ აჭმევენ. ამასთან დაკავშირებით „პუბლიკას“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ მას კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდა.

„როცა მისი ჯერი მოდის, საჭმელი მთავრდება. სხვა ინფორმაცია პერსონალურია. ყველაფერს მივაწვდით მის ადვოკატს”. – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

შეკითხვაზე, ამ კონკრეტული საჭმლის გარდა მოახერხა თუ არა ნიკა კაციამ სხვა რამის ჭამა, პასუხი არ აქვთ.

ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დღეს, 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

ნიკა კაციას ძმა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ „იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საკვები ვერ მიიღო, ეუბნებოდნენ, რომ მის საკანთან გათავდა; როდესაც მაღაზიაში რამის ყიდვა უნდა, მაინც და მაინც მის ჯერზე მთავრდება კონკრეტული პროდუქტი. რამდენჯერმე მოუწია ცივი წყლით დაბანა.“

კაციას ადვოკატი ნინო ლომინაძე „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებაში გაესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფს – ნიკა კაცია ამბობს, რომ დაკარგა წერილები, წაართვეს პროცესისთვის მომზადებული ლოზუნგები. იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომ კონკრეტული საკვები მის კართან გათავდა.

„მან, რა თქმა უნდა, მოითხოვა კანონით დადგენილი თავისი რესურსი. შესაბამისად ციხის ადმინისტრაცია მის მიმართ ნელ-ნელა უფრო ამკაცრებს მიდგომებს. მან განმარტა ასევე, რომ როდესაც ციხეზე გადმოჰყავდათ ჩაიყვანეს მოსაცდელ ოთახში, იყო აქციების მიმართ აგრესიულად განწყობილი ხალხი, შესაბამისად როგორც მან განმიმარტა, შესაძლოა სპეციალურად იყო გათვლილი, რომ სწორედ იმ საზოგადოებაში მომხდარიყო, რომელსაც ანტიდამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით“, – თქვა მან.

ნიკა კაციას საპატიმრო პირობებს გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

„ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოფს, როგორც ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა დასჯის მიზნით არათუ საკვების მიცემაზე უარის, თქმა არამედ მათი კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

ამასთან, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოახდინოს  დანაშაულის, გამოვლენა აღკვეთა და პრევენცია, აგრეთვე იმგვარად განახორციელოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა ტრანსპორტირება და განთავსება, რომ ისინი არ დაექვემდებარონ სხვა ბრალდებულ/მსჯავრდადებულთაგან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პენიტენციური სამსახური ვალდებულია თავიდან აიცილოს ძალადობის ან სხვა ტიპის რეპრესიის მაპროვოცირებელი გარემოებები. […]

მოვუწოდებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:

  • ნიკოლოზ კაციას მიმართ პატიმრობის  აღსრულება მოხდინოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პენიტენციური კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე“, – აცხადებს საია.

„პუბლიკა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს. პენიტენციურმა ნიკა კაციას კვებასთან დაკავშირებული პრობლემა „ნეტგაზეთთან“ უარყო.

ნიკა კაცია საპროტესტო აქციების ფარგლებში, 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნიკა კაცია წარდგენილ ბრალს უარყოფს.

კაციას მიმართ საპატიმროში არასათანადო მოპყრობაზე მისი ადვოკატი, ნინო ლომინაძე 9 იანვარსაც ლაპარაკობდა.

კერძოდ, ნინო ლომინაძის თქმით, კაციას შეუცვალეს საკანი და გადაიყვანეს ისეთში, სადაც ანტისანიტარია და არასათანადო პირობები იყო. ძველ საკანში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეყურებინა ტელევიზორისთვის, ახალში გადაყვანის შემდეგ კი ტელევიზორთან და შესაბამისად ინფორმაციასთან წვდომა აღარ აქვს.

კაცია ასევე მიუთითებდა ადმინისტრაციის მხრიდან სატელეფონო და სასეირნო დროის თვითნებურ შეზღუდვაზე/შეზღუდვის მუქარაზე.