ომბუდსმენი: ოკუპირებულ გალში მომხდარი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი დროებით ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას.

„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.

სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.


მედიის ცნობით, 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარს.

ტელეგრამის არხ „აიაშარაზე“ დაყრდნობით გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, რომ სოფელ საბერიოში ჩოლარიების ოჯახის კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 5 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ, მათი მშობლები კი ზუგდიდში იმყოფებოდნენ.

„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, – ეუბნება წყარო „რადიო თავისუფლებას“.