ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტის მიღებისგან

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. ომბუდსმენის შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

„კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. მიგვაჩნია რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც ომბუდმენი ამბობს, ინიცირებული კანონპროექტის მთავარი ხარვეზი სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლებაა.

„ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს“, – ამბობს სახალხო დამცველი.

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

„სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

ამ ტიპის შემთხვევასთან რომ არ გვაქვს საქმე, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტიურად არ იცვლება ინიცირებული კანონის პროექტით“, – ამბობს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა საჯარო მოხელეებთან და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით. ლომჯარიას თქმით, პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან.

„პარალელურად მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას გააუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.