ომბუდსმენი რუსული კანონის წინააღდეგ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 4 სარჩელია შესული, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა. მისი განხილვა 29-31 აგვისტოს გაიმართება.

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს.

„ამ ეტაპზე რაც ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ წარვადგენთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რომელიც დაერთვება იმ სარჩელებს, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაეხმარება სასამართლოს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს, რომელიც წარდგენილია სასამართლოში. ეს არ არის რომელიმე მხარის სასარგებლოდ წარდგენილი მოსაზრება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს ეხმაურება უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, უიოლებს მას სამართლებრივი არგუმენტაციების მოძიებას და დასაბუთებას”. – თქვა ლევან იოსელიანმა.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ოპოზიციონერი დეპუტატების.

მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

სარჩელის ავტორები დროებითი ღონისძიების გამოყენებას და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის შეჩერებას მოითხოვენ.

29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება.