ომბუდსმენი „საერთო სასამართლოების“ კანონთან დაკაშირებით საკონსტიტუციოს სარჩელით მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში, ომბუდსმენის შეფასებით, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცედურით.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ამ  ცვლილებებით ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არანებაყოფლობით მივლინების ვადები და გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში მივლინების აკრძალვა; ასევე, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება.

„სადავო ცვლილებებით, ასევე გაჩნდა მოსამართლეთა ახალი ბუნდოვანი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და გაუარესდა მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნის სისტემა.

ჩვენი შეფასებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას და ამავდროულად ხელყოფს პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელთან ერთად მოთხოვნილი გვაქვს სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების შუამდგომლობა“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ამ კონსტიტუციური სარჩელით მიზნად ისახავენ ინდივიდუალური მოსამართლეების პროფესიული თავისუფლების მხარდაჭერას.

„არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა სასამართლოს შიგნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლებაა. 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებმა ამ მიმართულებით გააუარესეს სიტუაცია და საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება და მათზე ზემოქმედების ბერკეტების შემცირება”, – ნათქვამია გაცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მათ მიერ გასაჩივრებული აქტები საჭიროებენ დროულ შეჩერებას და გაუქმებას, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა რეალური იყოს და ამ მიმართულებით ქვეყანას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ შეექმნას.