საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევისა და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს 5 მოქალაქე.
„საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევის და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს 5 მოქალაქე.
აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კიდევ ერთხელ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა. რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაც“, – ნათქვამია განცხადებაში.