ომბუდსმენი სექსუალურ შევიწროებაში შალვა რამიშვილის მხილების საქმეს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოჰყვა“.

„სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთ და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლისადმი მიმართავს – მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემვიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემვიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს  ამ მოვლენების მედიით გაშუქების საკითხზეც.

„სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 25 მარტს გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, არხის ცნობით, ასახავს სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას.

პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთ მფლობელსა და წამყვანს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ამხელს. ქალებმა თავიანთი ისტორიები სოციალურ ქსელში გააზიარეს.

შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალური შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რაც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.