ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებისთვის

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და სოციალური (ე.წ. „საპენსიო“) სესხის საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვა.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხის მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

„სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სოციალური სესხების მომხმარებლებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პირები, ღატაკი ოჯახები, ვეტერანები, დევნილთა სტატუსის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები და იმ სახელმწიფო დახმარებების მიმღები სხვა პირები წარმოადგენენ, რომელთა ძირითადი დანიშნულება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ღირსეული სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, მათი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფაა. ამასთან, მოსახლეობის ამ ნაწილს სწორედ სახელმწიფო დახმარებებით უწევს სესხის დაფარვა. ხოლო, საპროცენტო განაკვეთის დადგენილი ოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები სოციალურ სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირების მიზნით.

ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები სოციალურ სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებისთვის