ომბუდსმენი შსს მოუწოდებს, ინსა ოგუზს თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა მისცეს

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჟურნალისტი და ბლოგერი ინსა ოგუზი მიმდინარე წლის 13 ივნისიდან არასათანადო პირობებში იმყოფება „დარიალის“ სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.

სახალხო დამცველის ცნობით, 15 ივნისს საზღვართან მისულ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პირის მონახულების შესაძლებლობა არ მისცეს, რაც სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას წარმოადგენს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ინსა ოგუზს ტელეფონით დაუკავშირდა და შეიტყო, რომ ამჟამად იგი თავისუფალი სავაჭრო პუნქტის (Duty Free) ტერიტორიაზეა, სადაც არ აქვს წვდომა ჰიგიენის საშუალებებზე. ამასთან, ინსას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან თავშესაფრის მოთხოვნასთან ერთად განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა ემუქრება, იგი არ გადაამისამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის დასაწყებად.“ – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს – იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები; მათ შორის, დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ომბუდსმენის განცხადება იხილეთ სრულად.