სახალხო დამცველი დღეს განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება.
„როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.
ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.