ომბუდსმენი: ვაგრძელებთ ზინოვკინას ჯანმრთელობის მონიტორინგს, კლინიკაში გადაყვანა ჩვენს მანდატში არ შედის

პუბლიკა

სახალხო დამცველი ანასტასია ზინოვკინას საქმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი დაკავებიდან – 2024 წლის დეკემბრიდან – დღემდე 6-ჯერ მოინახულეს. ბოლოს პატიმართან გასაუბრება პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდადებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

 „სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდადებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.

31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 3 ნოემბერს, 16:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან (მეტროსადგურ „ავლაბრის“ უკან) საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

„ვითხოვთ მის კლინიკაში გადაყვანას და ყველა საჭირო ორთოპედიული ნივთის შეტანის უფლებას! ჩვენს ფულს ვუხდით სრულიად უსარგებლო სახალხო დამცველს, რომლის საქმის კეთებაც ჩვენ გვიწევს!“, – ვკითხულობთ აქციის ანონსში.