ომბუდსმენის ანგარიში: მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ წარმოებაში დაირღვა ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი

პუბლიკა

სახალხო დამცველი პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში წერს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში დაირღვა კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით აკრძალული ორჯერ მსჯავრდების პრინციპი (non bis in idem).

„პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია.

დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო.

ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა.

თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი.

ხსენებულ საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა”, – ნათქვამია ანგარიშში.


მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე საჩივარი საიას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვს გაგზავნილი.

საჩივარი შეეხება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს.

საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ახალი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.

სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ მზია ამაღლობელი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო.

ორივე საქმეზე სასამართლომ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით (173-ე მუხლი) – 2000 ლარის, ხოლო სტიკერის კედელზე გაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით 150-ე მუხლი) – 1000 ლარის ოდენობით.