ომბუდსმენის ანგარიში: შსს-მ საანგარიშო პერიოდში აქციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის 8 200 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) საფუძველზე გამოვლენილი 8200 სამართალდარღვევის ფაქტითაც დასტურდება.
ამ ფონზე, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სახალხო დამცველი ორ მიმდინარე სასამართლო საქმეში ჩაერთო „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით, რათა გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით მიღებულიყო.
ერთ-ერთ შემთხვევაში მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო შეკრების მონაწილეთა დაჯარიმების საკითხზე. რადგან კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული, რას ნიშნავს გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“, სახალხო დამცველმა წარმოადგინა კრიტერიუმები, როგორ უნდა შეფასდეს მსგავსი შემთხვევები, მათ შორის – აქვს თუ არა რეალური გავლენა პირის ადგილზე ყოფნას მოძრაობის შეზღუდვაზე. თუმცა სასამართლომ ეს მოსაზრება არ გაიზიარა.
ასევე, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2025 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოსაც წარუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, რომელიც ეხებოდა შეკრების მონაწილეთა დაჯარიმებას სახის დაფარვის გამო. დოკუმენტში განმარტებული იყო საერთაშორისო სტანდარტები, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ შეკრება მშვიდობიანია და სახის დაფარვა არ ემსახურება ძალადობას ან წესრიგის დარღვევას.
აღნიშნული მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლო პრაქტიკაში სწორი სტანდარტების დამკვიდრებას მსგავს საქმეებზე. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე შეისწავლა ორი საქმე, სადაც შეკრების მონაწილეები დააჯარიმეს არა შეკრების წესის დარღვევისთვის, არამედ ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის. ორივე შემთხვევაში სამართალდარღვევად ჩაითვალა შეკრების დროს, პოლიციის შენობის მიმდებარედ სტიკერების გაკვრა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმის გამო მონაწილეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად მიჩნევამ შესაძლოა არამართლზომიერად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
ამიტომ სახალხო დამცველმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, სადაც განსაზღვრა მნიშვნელოვანი საკითხები მსგავსი საქმეების სწორად შეფასებისთვის. მათ შორის – რა ზიანი ადგება ობიექტებს სტიკერების დროებითი განთავსებით და რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული შენობის იერსახის დაცვა იმ დონეზე, რომ ეს გადააჭარბოს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას.
სახალხო დამცველი პარლამენტს წინადადებით მიმართავს:
გაუქმდეს დემონსტრანტებისთვის სახის ნიღბით ან სხვაგვარი საშუალებებით დაფარვის უპირობო აკრძალვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში;
გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც უალტერნატივო ადმინისტრაციული სახდელის, გამოყენების შესაძლებლობა შეკრების მონაწილეთა მშვიდობიანი ქმედებებისთვის და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელახლა განისაზღვროს სახდელების სახეები და ოდენობები;