სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI უარს აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე.
„FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. თუმცა, როგორც აცხადებენ, FBI აცხადებს, რომ მათი მხრიდან ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის განცხადებით, გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ მათ აქვთ წარმატებული თანამშრომლობა „ფეისბუქისთან“, „ინსტაგრამისთან“ და „გუგლისთან“, რომელთა მეშვეობითაც გარკვეული ინფორმაციების შენახვა და ამოღება და მიწოდება მოხდა გამოძიებისთვის.
დღეს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა.