სახალხო დამცველის ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
„საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.
საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები.