სახალხო დამცველის ცნობით, აპარატის თანამშრომლებმა გუშინ ღამის განმავლობაში და დღეს მოინახულეს 49 პირი, რომელთაგან 47 ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მისი ინფორმაციით, მათგან 31 ადამიანი მიუთითებს პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები.
„თქვენ იცით, რომ ასევე სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც, მისივე განცხადებით, სამართალდამცავებმა სცემეს. გარდა ამისა, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტები და ხელი შეეშალა „ტელეკომპანია პირველის“ გადამღები ჯგუფის საქმიანობას.
30 აპრილის ღამეს და 1 მაისს მთელი დღის განმავლობაში მოვინახულეთ 49 პირი. აქედან ადმინისტრაციული წესით დაკავებულია – 47.
რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორისა და ხაშურის დროებით მოთავსების იზოლატორებში.
31 პირი მიუთითებდა პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 მათგანი მოითხოვდა რეაგირებას, რის შედეგადაც სახალხო დამცველის აპარატისგან დაუყოვნებლივ ეცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. დაკავებულებთან ვიზიტები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა მან.
ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შსს-ს, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცველთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის ფაქტები.
მანვე მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სასამხურს, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.