„ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარვადგენთ“ | რა გადაწყვეტილება მიიღეს უმრავლესობაში

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან უმრავლესობის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მიანდობენ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს.

„ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი შეთანხმებულია გუნდის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„წინასწარვე შეგვიძლია გითხრათ შეფასების წესთან დაკავშირებით:

  • ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

აქვე საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს საზოგადოებისთვის – „თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში – კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩავერთვებით”.