ომბუდსმენის კონსილიუმმა სიტყვა სიტყვით დაასაბუთა ჯანდაცვის კონსილიუმის დასკვნა - ექიმი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე სოციალურ ქსელში ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეხმაურება.

„ჩვენთვის, როგორც რიგითი ექიმებისთვის, უსაზღვროდ დიდი პატივია ის ფაქტი, რომ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა სიტყვა სიტყვით დაასაბუთა ჩვენი კონსილიუმის დასკვნა პაციენტის მრავალპროფილურ და მაღალტექნოლოგიურ სტაციონარში აუცილებელ გადაყვანასთან დაკავშირებით.

ასევე, ზუსტად გაიმეორა ის ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსის აუცილებლობა, რასაც ზედმიწევნით, პერმანენტულად ვასაბუთებდით ჩვენს დასკვნებში.

დამატებით მიეცათ შესაძლებლობა, ზუსტად შეეფასებინათ პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულების შესატყვისობა იმ მოთხოვნებთან, რასაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და პერმანენტულად ვითხოვდით .

მადლობა ომბუდსმენს და ჩემს კოლეგებს ასეთი აკადემიური და მიუკერძოებელი დასკვნისთვის. მათ მიერ გამოტანილი დასკვნა ავტომატურად ასაბუთებს ჩვენი კონსილიუმის ასევე მიუკერძოებელ შედეგს“, – წერს ის.

გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.