ომბუდსმენის მოადგილედ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაინიშნა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე წარადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.

ირინე ჩიხლაძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ამასთან ერთად, არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში.

„გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მაგისტრატურის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო სემესტრი გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონიპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში); ასევე, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.

არის ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მოქმედი პროექტის TechGirls Georgia-ს ავტორი და მენეჯერი.

გამოცემული აქვს ნაშრომები და პუბლიკაციები პოლიტიკის, საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებით“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.