ომბუდსმენის მოადგილის პასუხი ანა დოლიძეს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, დაგვიანებულია.

ანა დოლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გამოეხმაურა. მან ჩამოთვალა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში გადადგა.

როგორც გიორგი ბურჯანაძე ამბობს, ამ პროცესში ომბუდსმებმა 13 საჯარო განცხადება გააკეთა. ასევე, საპარლამენტო ანგარიშში მიუძღვნა ქვეთავი და ადამიანის უფლებათა კომიტეტზე და პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს აჟღერებდა.

მისი თქმით, ომბუდსმენი აწარმოებდა საბჭოში არჩევნების დაკვირვების მონიტორინგს (50 კანდიდატის მოსმენა  და საბჭოს სხდომები სხდომები) და სპეციალური ანგარიში მოამზადა.

„ფარული კენჭისყრის მონიტორინგი და შესაბამისი საჯარო განცხადება, რომელსაც ყველა აქტორი იყენებდა, მათ შორის ანაც;

ასევე, ევროკავშირ საქართველოს საპარლამენტო კომიტეტზე და ევროკავშირ საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგზე ამ საკითხის წამოწევა და ლობირება; ეუთოს ადამიანის უფლებების იმპლემენტაციაზე ამ საკითხის განხილვა;

ორჯერ მივმართეთ ოდირს – 1) საკანონმდებლო ანალიზის მოთხოვნით; 2) კანდიდატების არჩევის მონიტორინგის თხოვნით; – ორივე დაკმაყოფილდა; ვუმასპინძლეთ საჯარო განხილვას მაისში ოდირთან ერთად;

კანონპროექტის შემუშავების პროცესში ვესწრებოდით ყველა სამუშაო შეხვედრას, რომელიც იმართებოდა უქმეებზე და ღამის საათებშიც კი (პირადად სახალხო დამცველი ან მე);

აუარებელი მასალის შესწავლა განათლების ხარისხის ცენტრიდან კანდიდატებთან დაკავშირებით და ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც არავის გაუხდია სადავოდ ჩვენ გარდა;

სასამართლოს თემაზე პირველად ისტორიაში – სახალხო დამცველმა გამოიყენა პარლამენტის რეგლამენტში არსებული შესაძლებლობა და პლენარულ სხდომაზე მიმართა საქართველოს პარლამენტს, “- ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.