ომბუდსმენის რეკომენდაციები აჭარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით

პუბლიკა

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით მიმართა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, ღია წესით, თხრილებში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკვე ათწლეულებია არის განთავსებული. ამ ფორმით ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ასევე ადამიანების უფლებას, იცხოვრონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. მიუხედავად სახიფათო ნარჩენების მართვის თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, სახალხო დამცველის შეფასებით გაუმართლებელია წლების განმავლობაში გრძელდებოდეს მოსახლეობის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.

პრობლემის მოსაგვარებლად სახალხო დამცველმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართა უმოკლეს ვადაში განახორციელოს ყველა საჭირო და ეფექტური ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სახიფათო ნარჩენების მართვისა და მისი განთავსებით გამოწვეული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.

უზრუნველყოს თითოეულ დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით მოქალაქეთა დროული და სრულფასოვანი ინფორმირება.