საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლად არჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა. ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისში ავრცელებს.
წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები.
„გაგზავნილ წერილებში, საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმაციას აწვდის აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე, ხაზს უსვამს, რომ კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩარევებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა ქვეყანაში, განსაკუთრებით საარჩევნო წლის განმავლობაში. სპეციალურ მომხსენებლებთან გაგზავნილ წერილებში აღწერილ მოვლენებამდე, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენდა მიუკერძოებელ ტელევიზიას, რომელიც საარჩევნო პროცესების გამჭირვალე და ბალანსირებული გაშუქებით გამოირჩეოდა.
ამასთან ერთად, წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში.“ – ნათქვამია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.