15 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში“.
ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა, რომ არ არსებობს მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც ნათელს გახდიდა საშეღავათო მექანიზმებით სარგებლობის პროცედურებს:
- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ხანდაზმულობის გონივრული ვადები;
- შუამდგომლობები ხშირად დაუსაბუთებელია;
- ვლინდება სასამართლო ქვემდებარობის ხარვეზები;
- სასამართლო პრაქტიკა რიგ შემთხვევებში არაერთგვაროვანია;
- არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას დაადგენდა და იმ მტკიცებულების განხილვის პროცედურას გაწერდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის დროს კანონის დარღვევით იყო გამოკვლეული;
- კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ დაადგინოს სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით ჩატარებისა და დასკვნის წარდგენის განსხვავებული ინტერვალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობს;
- არ არსებობს რეგულაცია, რომელიც უფლებას მისცემდა იმ პატიმარს, რომელსაც განაჩენის აღსრულება გადავადებული აქვს, დამატებით მიმართოს სასამართლოს ასაკის ან ჯანმრთელობის გამო სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შუამდგომლობით;
- მუდმივმოქმედი კომისიისთვის მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ მიმართვის პროცედურები ბუნდოვანია.
სახალხო დამცველის აპარატმა სულ შეისწავლა 194 საქმე, კერძოდ, სასამართლოებში განხილული 115 და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული 79 მსჯავრდებულის საქმე.