ომბუდსმენმა აზერბაიჯანელი ბლოგერის ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ბაკიხანოვთან აპარატის წარმომადგენლებს 2-ჯერ ქონდათ კომუნიკაცია, პირველად ივნისში როცა მას განემარტა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მოპოვების პროცედურები, ასევე მიეთითა ის ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს შემთხვევებში პირებს უფასო იურიდულ დახმარებას უწევენ.

„მეორე კომუნიკაცია 14 ივლისს – სწორედ მისი გარდაცვალების დღეს შედგა. საუბარი შეეხო ბლოგერის მიმართ ძალადობის ფაქტს და ამ შემთხვევაშიც, სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მას სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია გაუზიარეს, ასევე განუმარტეს აპარატის მანდატი და შესთავაზეს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავი ორგანოები დაარღვევდნენ მის უფლებებს, შეეძლო განცხადებით მოემართა, “- ნათქვამი ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.