ომბუდსმენმა ერთ-ერთ კერძო სკოლაში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა კერძო სკოლა „აიბი მთიების“ დირექტორს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის ცნობით, მას შემდეგ, რაც სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დამსაქმებელს ორსულობის შესახებ შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დროებით სარგებლობა სთხოვა, რამდენიმე დღეში აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო.

ომბუდსმენის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, თავის პოზიციაში მოპასუხე აცხადებს, რომ სკოლას არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა განმცხადებელთან, მხოლოდ დროებით შეუჩერა უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე მოსწავლეების, მშობლებისა და თავად განმცხადებლის მოსაზრებების მოსმენის შედეგად, სამომავლო ურთიერთობის ბედი გადაწყდებოდა.

„მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა, სკოლის წარმომადგენლის მითითებისამებრ, შეწყვიტა გაკვეთილების ჩატარების მიზნით სკოლაში გამოცხადება; ხოლო, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც განმცხადებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.

ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს „აიბი მთიების“ მიერ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით“, – აცხადებს ომუდსმენი.