ომბუდსმენმა ეტლით მოსარგებლე ორსული ქალის მიმართ ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა - PHR

პუბლიკა

სახალხო დამცველმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შშმ პირის მიმართ ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ავრცელებს.

„ეტლით მოსარგებლე ორსულმა ქალმა ერთ-ერთ კერძო კლინიკას მიმართა, რათა სახელმწიფოს მიერ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო მომსახურება მიეღო.

იმის გამო, რომ კლინიკა სრულად მიუწვდომელი იყო, კერძოდ, შენობას არ ჰქონდა პანდუსი, ასევე, ექიმის კაბინეტამდე მისასვლელი გზა კიბით იყო დაკავშირებული, საპირფარეშოთი სარგებლობა ეტლით მოსარგებლისთვის იყო სრულიად შეუძლებელი.

მისაწვდომობის სტანდარტების დარღვევის გამო, განმცხადებელმა კუთვნილი 8 ვიზიტიდან ისარგებლა მხოლოდ ერთით, რა დროსაც, ექიმამდე მისასვლელად მეუღლეს მისი ხელში აყვანა მოუხდა, რაც ქალისთვის ღირსების შემლახველი იყო.

ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მიზნით, კლინიკის წარმომადგენელი ქალს სახლში ეწვია. საბოლოოდ, განმცხადებელს მოუწია ესარგებლა კერძო კლინიკებით და ფინანსური ხარჯი გაეღო იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება ადაპტირებულ, ღირსეულ გარემოში მიეღო“,- ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს, კლინიკის დაფინანსებამდე, არ განუხორციელებია მონიტორინგი, იყო თუ არა კლინიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული. უფრო მეტიც, სახელმწიფო რეგულაციების მიღების დროს, საერთოდ არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს.

შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

სახალხო დამცველმა დაადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი, ზოგადი წინადადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნა:

„რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის გამართლება. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის არარსებობა როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბ დისკრიმინაციად“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები აწყდებიან, არღვევს მათ დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის უფლება. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებას, პიროვნების ავტონომიურობას.

ამავე გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიმართა ზოგადი წინადადებით:

  • სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით და აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა;
  • უზრუნველყოს, რომ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ მიენიჭოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც არ იქნება უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემო;
  • დააჩქაროს ქვეყნის მასშტაბით არსებული ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების რეგიონალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი.