ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, დააკვირდეს უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესს - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს. განცხადება ომბუდსმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

სახალხო დამცველის ცნობით, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, დააკვირდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს და შეაფასოს პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ომბუდსმენი წერს, რომ ეუთო/ოდირმა დიდი წვლილი შეიტანა მართლმსაჯულების საკითხებში, მაშინ, როცა ორგანიზაციამ 2019 წელს მოამზადა სამართლებრივი მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გაწერის მიზნით ინიცირებულ კანონპროექტზე. ამის შემდეგ კი მონიტორინგი გაუწია 20 ვაკანსიაზე მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში.

ომბუდსმენის ცნობით, იმის გამო, რომ 2019 წელს მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები.

„სწორედ ახალი ნორმების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 ვაკანსიაზე. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, ხოლო 1 ვაკანსიაზე კი კვლავ მიმდინარეობს. პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი.

ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები“, – წერს სახალხო დამცველი.