სახალხო დამცველმა „ფორმულას“ ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ინფორმაცია „პუბლიკას“ ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.
„ფორმულას“ ცნობით, ჟურნალისტმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელს ყვარლის ტბის სასტუმროსთან მიმდინარე აქციის დროს მიღებული დაზიანებები დაუდასტურა.
„დამირეკა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მითხრეს, რომ იწყებენ საქმის მოკვლევას პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მთხოვეს, რომ თუ კი რამ მასალა გამაჩნდა მათთვის მიმეცა. გამომკითხა თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და როდის. ასევე მაქვს თუ არა სხეულზე დაზიანებები, დავუდასტურე, რომ გარკვეული დაზიანებები მივიღე ხელის და ფეხის მიდამოებში. მკითხეს, ასევე, მივმართე თუ არა სამართალდამცავებს, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, შედეგი არ დადგება“, – ამბობს ჟურნალისტი.
ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა სოციალურ ქსელში 21 მაისს გაავრცელა ვიდეომასალა, როგორ მიჰყავთ ის სამართალდამცველებს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით.
20 მაისს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მოქალაქეები აპროტესტებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილისა და სიძის ყოფნას. ისინი ყვარელში ესწრებოდნენ ნათესავის ქორწილს, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა.