სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის ოფისმა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
სახალხო დამცველის თქმით, განმცხადებელს კომპანიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მას მარცხენა ხელზე აქვს სამეანო დამბლა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმოადგენდა.
„განმცხადებელმა დამსაქმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, მას ხელფასის დარიცხვისას ეკუთვნის საგადასახადო შეღავათი. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, განმცხადებელს კომპანიის დატოვება მოსთხოვეს. კომპანიის პოზიციით კი, განმცხადებელი გეგმავდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, რის გამოც, იძულებული იყვნენ, არჩევანი სხვა კანდიდატზე შეეჩერებინათ; ასევე, კომპანიის განმარტებით, განმცხადებლის მიერ გაცხადებული ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებში, მისი დასაქმება კომპანიის მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლო მოქმედება.
მხარეთა მიერ წარმოდგენილ პოზიციებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დასაქმებაზე უარი ეფუძნებოდა მოპასუხის ვარაუდს, რომ განმცხადებელი ვერ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. შემაშფოთებელია, რომ მოპასუხემ არც კი შეაფასა, რეალურად შეუშლიდა თუ არა ხელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი განმცხადებელს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. შესაბამისად, აუცილებელია მათი უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემაზე ზრუნვა, არსებულ სტერეოტიპებთან და ცრურწმენებთან ბრძოლა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა შპს „მეღვინეობა ხარებას“ დირექტორს, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე;